გიორგი კობერიძე მადრიდის წყალმომარაგების კომპანია Canal de Isabel II-ის ხელმძღვანელებს შეხვდა
19 მაისი 2026
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე მადრიდში, Global Water Summit-ის ფარგლებში, მადრიდის რეგიონის წყალმომარაგებისა და წყალარინების კომპანია Canal de Isabel II-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, მისი მოადგილე გიორგი გიორგობიანი, სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი სოფიკო დეკანოსიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ალექსანდრე ჭკუასელი.
მხარეებმა ერთმანეთს კომპანიების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებით - ესპანური მხარის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
შეხვედრაზე განიხილეს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მოდელებს, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ენერგოეფექტიანობისთვის სექტორში არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას, დანაკარგების შემცირების მოდელებს, კლიმატურ გამოწვევებთან ადაპტაციის საკითხებსა და წყლის სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებს.
Canal de Isabel II მადრიდის რეგიონის მთავარი საჯარო წყალმომარაგებისა და წყალარინების კომპანიაა და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ წყლის ოპერატორად ითვლება. კომპანია ემსახურება მილიონობით მომხმარებელს და აქტიურად იყენებს თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს, ჭკვიანი მართვის (smart water management) სისტემებსა და წყლის დანაკარგების შემცირების ინოვაციურ მოდელებს.
მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარებისთვის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორობების გაძლიერების თვალსაზრისით.